ქუთაისის N35 საჯარო სკოლის პირველკლასელთა მოგზაურობა ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში
06-12-2023
ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეთა მოტივირებაზე, განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავენ. 

ამჯერად, დიდი ჟრიამული 1-ელკლასში იყო, სადაც ღია გაკვეთილი - „ანბანის შემობრძანება“ ჩატარდა. პატარებმა, პედაგოგ ნანა კაჩმაზოვასთან ერთად, ანბანის პირველ წარმომადგენლებს „უმასპინძლეს“, ისინი უნაზეს და ულამაზეს იას, რომელსაც მე-9 კლასის მოსწავლე ქეთი ქიმაძე ასახიერებდა, დიდი სიხარულით შეეგებნენ.

როგორც სკოლაში ამბობენ, პირველკლასელებმა ტურფა იას წინაშე თავი წინასაანბანოდ შესწავლილი მასალით მოიწონეს და მას ლექსები, ანდაზები, გამონათქვამები მიუძღვნეს. პატარები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, როდესაც პედაგოგმა სხვადასხვა თვალსაჩინოება უჩვენა.

გაკვეთილი სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად, ფერადი ფურცლებისაგან ყვავილი ია გამოჭრეს და დიდ ფორმატზე დააწებეს. გარდა ამისა, ინფორმაცია „დედა ენის" შემქმნელის, იაკობ გოგებაშვილის შესახებ მოისმინეს. ასევე, დაასახელეს ის სიტყვები, რომლებიც ი-სა და ა ასოზე იწყებოდა, ფერადი პლასტელინისაგან გამოძერწეს ი და ა ასო-ბგერები, შეადგინეს ჯერ სიტყვები და შემდეგ - „აი ია" წინადადება. გამოძერწილი „აი ია“ დააწებეს ფურცლებზე, სადაც ამობეჭდილი ყვავილიც გააფერადეს.

„აღსანიშნავი იყო მშობელთა ჩართულობა, რომელიც განპირობებული იყო მათი დიდი ენთუზიაზმით. გაკვეთილის დასაწყისი და დასასრული გაფორმებული იყო თემასთან შესაბამისი მუსიკალური ნომრებით, რამაც კიდევ უფრო ამაღელვებელი და ემოციური გახადა გაკვეთილი“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203