ხონის N2 სკოლის მოსწავლეთა ნამუშევარი საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო დოკუმენტურ სურათად დასახელდა
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონდომებით ერთვებიან. ამჯერად, სკოლის მოსწავლეები - ნინი ჩიხლაძე, სანდრო კირთაძე, გიორგი მეძველია და ხელოვნების მასწავლებელი ია კინწურაშვილი, თბილისში გამართულ საბავშვო ფილმების რიგით მე-13 საერთაშორისო ფესტივალში - „ოქროს პეპელა“ მონაწილეობდნენ. ფესტივალი გამოჩენილი რეჟისორის - სერგო ფარაჯანოვის 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.
სკოლა ფესტივალზე დოკუმენტური ფილმით - „ერთი კეცის ისტორია“ წარდგა. ფილმმა აღიარება მოიპოვა და საერთაშორისო ჟიურის სპეციალური დიპლომით და პრიზით - „ოქროს პეპელა“, როგორც საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, დაჯილდოვდა.
ფილმი ეძღვნება იშვიათ, მივიწყებულ პროფესიას საქართველოში - ერთადერთ ქვის კეცის ოსტატს იმერეთში - დავით ხაჭაპურიძეს.
ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი შემდეგია: ნინი ჩიხლაძე, ლიკა მანჯგალაძე, მარიამ წულაია, სანდრო კირთაძე, გიორგი მეძველია.
ფილმის შექმნის პროცესში მონაწილეობდნენ:
- იდეა, ტექნიკური მხარე - კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი თამარ ჩხენკელი;
- მხარდაჭერა - ხელოვნების მასწავლებელი ია კინწურაშვილი;
- ტექსტის დამუშავება - ქართული ენის მასწავლებელი მარიამ მამაიაშვილი, ინგლისური ენის მასწავლებელი ალისა ჩარკვიანი;
- ტექსტს კითხულობს მარიამ წულაია;
- მძღოლი - ზაზა კუხალაშვილი.
„ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა დაუვიწყარი 3 დღე გაატარა კინოხელოვნების სამყაროში, დიდ მადლობას ვუხდით ფესტივალის ორგანიზატორებს ჩვენი შრომის დაფასებისთვის და მასპინძლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: