მუხრანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშტაბურ დასუფთავების აქციას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ
04-12-2023

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა ასწავლიან. სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლები და VIII-XI კლასების მოხალისე მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგის - ნინო დოლიშვილის ხელმძღვანელობით, გარემოსდაცვითი საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგის“ ორგანიზებულ დასუფთავების ერთობლივ აქციას შეუერთდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, აქციაში მონაწილეობის მისაღებად 39 სკოლის 1000-ზე მეტი მოსწავლე და მასწავლებელი შეიკრიბა რეგიონში არსებული დანაგვიანებული ტერიტორიების დასასუფთავებლად.

ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

„მოსწავლეებმა პრემიერ მინისტრის პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაციის მომლოდინე, საკუთარი სკოლის ეზო ფოთლებისა და სხვადასხვა ნარჩენისგან დაასუფთავეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

გარემოს დასუფთავების ერთობლივმა აქტივობებმა, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან აიღო სტარტი და გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს - 5 ივნისს ფინალური ეტაპით შეხვდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203