მოსწავლეთა „მოგზაურობა წარსულში“ და „ვიზიტი პარლამენტში“ - შორაპნის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით გრძელდება
01-12-2023

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, VII კლასში პედაგოგმა - თამარ ჩიტორელიძემ განახორციელა პროექტი - „მოგზაურობა წარსულში“. მოსწავლეებმა პროექტის პირველ ეტაპზე შესწავლილ მასალაზე დაყრდნობით დაამზადეს პირველყოფილი ადამიანების სადგომები, წარმოადგინეს პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს მაკეტების შექმნის დროს წარმოქმნილ სირთულეებსა და მიგნებებზე.

პროექტის მეორე ეტაპზე მეშვიდეკლასელები ესტუმრნენ ჯანაშიას სახელობის მუზეუმს, სადაც საკუთარი თვალით იხილეს თეორიულად შესწავლილი საკითხები. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები აღფრთოვანებული დარჩნენ ნასწავლითა და ნანახით, გამოწვეული ემოციები კი დიდხანს გაჰყვებათ. 

VIII კლასში კი სამოქალაქო განათლების პედაგოგმა - თამარ ჩიტორელიძემ განახორციელა სასწავლო პროექტი - „ვიზიტი პარლამენტში“. მოსწავლეებმა წინასწარ შეისწავლეს პარლამენტარიზმის ისტორია, საკანონმდებლო ორგანოს მნიშვნელობა და ფუნქცია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. 

„მოსწავლეების კმაყოფილება გამოიწვია განსაკუთრებით იმ ფაქტმა, რომ პარლამენტში მიღება მოგვიწყო ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ბეჟან  წაქაძემ. მან მეგზურობა გაუწია  მოსწავლეებს, უშუალოდ გააცნო პარლამენტის წევრები, დაათვალიერებინა პარლამენტის მუზეუმი“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ბავშვები დაესწრნენ სხდომას, მოისმინეს სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლების გამოსვლა, რამაც მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203