
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ამ დღის მიზანია, კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება - სკოლაში ამ დღის აღნიშვნის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ.
რა თქმა უნდა, საერთაშორისო ღონისძიებას მინაძის საჯარო სკოლა შეუერთდა. განხორციელდა მცირე პროექტი - „ჩვენ ტოლერანტები ვართ“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა შეიტყვეს, რაოდენ დიდი ადგილი უკავია საქართველოს ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით და გააჩნია ტოლერანტულ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია.
პროექტის ფარგლებში მე-5 კლასის პედაგოგის - ანნა მერაბიშვილის ინიციატივით, ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-5ა კლასის მოსწავლეები დამეგობრდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებთან. ერთობლივად განხორციელდა გასვლითი ღონისძიება რაბათის ციხეზე. მოსწავლეებმა ციხის ტერიტორიაზე წარადგინეს პრეზენტაციები. რაბათის დათვალიერების შემდეგ კი მოაწყვეს დისკუსია თემაზე - „რაბათი-ტოლერანტობის სიმბოლო“.
„აღვნიშნეთ, რომ რაბათი, სწორედ ტოლერანტობის სიმბოლოა. მე-5 კლასის მოსწავლეებმა - ბარბარე ბარძიმაძემ და ცოტნე მელიქიძემ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნეს პრეზენტაცია და წარუდგინეს სკოლის საზოგადოებას.
მე-9 კლასის მოსწავლე ლიზი ბარძიმაძემ წარმოგვიდგინა დამატებითი ფაქტები ტოლერანტობის შესახებ. პრეზენტაცია გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და სხვა კლასის მოსწავლეებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს.
ვფიქრობთ, აღნიშნული ღონისძიებით მცირე წვლილი შევიტანეთ ტოლერანტული მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: