„რა ვიცით ქართული სპორტის შესახებ“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ვიქტორინა გაიმართა
22-11-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეული, საინტერესო აქტივობები თუ ღონისძიებები იმართება.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი - „ერთობა“ (კურატორი ფიქრია გიორხელძე) სკოლა-ბიზნეს ფორუმში - პროექტით - „სპორტული ქალაქი-ილიმპო“ მონაწილეობდა. პროექტს მხარი დაუჭირა და დააფინანსა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ „იმერკრედიტი“. მიღებული თანხით, სკოლაში სპორტული ინვენტარი და ტურნირებისათვის მაისურები შეიძინეს.

პროექტის ერთ-ერთი აქტივობა ვიქტორინა კონკურს - „რა ვიცით ქართული სპორტის შესახებ“ სკოლაში 20 ნოემბერს გაიმართა. მასში მე-7 - მე-9 კლასის მოსწავლეების 9 გუნდი მონაწილეობდა. აქტივობას წინ მოსამზადებელი სამუშაოები უძღვოდა. პროექტის ავტორებმა, მე-11 კლასის მოსწავლეებმა, შეიმუშავეს კითხვარი, შექმნეს საკითხების ჩამონათვალი და მიაწოდეს მონაწილე კლასებს. გარდა ამისა, საპრეზენტაციო ვიდეო და აუდიო მასალა მოამზადეს. ვიქტორინა-კონკურსი მე-11 კლასის მოსწავლეებს - ლიკა მიქაბერიძეს, ნინი ბენიძეს, გიორგი დანგაძესა და მათე ჩავჩიძეს მიჰყავდათ. 

ჟიურის წევრები იყვნენ სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე, სპორტის მასწავლებელი - გია უგულავა, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე - მე-10 კლასის მოსწავლე ლუკა ტყაბლაძე; ეკო-კლუბის ლიდერი - მე-11 კლასის მოსწავლე ანასტასია კირვალიძე, სამოქალაქო კლუბის აქტიური წევრი - მარიამ კიკვიძე, წყალტუბოს რაგბის გუნდის „დინოზავრების“ კაპიტანი B ლიგაში - მე-11 კლასის მოსწავლე - რეზი ლიპარტელიანი. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ვიქტორინა ხმაურიანი და სახალისო იყო. მოსწავლეებმა შედეგების შეჯამებისას აღნიშნეს, რომ ქართული სპორტის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაიგეს.

ვიქტორინის მაქსიმალური ქულა 30 იყო. 26 ქულა VII; VIII; IXკლასების გუნდებმა მოაგროვეს. დაწინაურდნენ და ფინალში გავიდნენ VII და IX კლასები თანაბარი - 28 ქულით. მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად მინი ტური უახლოეს დღეებში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იმერკრედიტი“ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პარტნიორი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203