მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ და პოეტის დაბადების დღე იზეიმეს
22-11-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში, გალაქტიონ ტაბიძის დაბადების დღე ტრადიციულად, საზეიმოდ აღინიშნება. 

როგორც სკოლაში ამბობენ,17 ნოემბერი პოეზიისა და ღვთიური ნიჭის დღესასწაულად იქცა - სკოლაში ამ მნიშვნელოვან თარიღს ყოველთვის დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით აღნიშნავენ. არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი. წინასწარ დაიგეგმა გასვლითი ღონისძიება პოეტის დაბადების დღესთან დაკავშირებით მის მშობლიურ სოფელში. 

მომზადდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის, მასწავლებელის ლენა უგულავას ხელმძღვანელობით და ესთეტიკისა კათედრის წევრების, მასწავლებლების: ირმა ქუთათელაძისა და ციალა გიორგაძის ხელმძღვანელობით, ერთობლივი ღონისძიება.

მიუხედავად წვიმიანი და ცივი ამინდისა, მეხუთე კლასის მოსწავლეებთან ერთად ხელმძღვანელები, მაინც ესტუმრნენ ჭყვიშს და პოეტის პატარა სახლის წინ დაგეგმილი ღონისძიება გამართეს. 

პატარებმა უდიდესი სიყვარულითა და დიდი შემართებით წაიკითხეს პოეტის ლექსები, იმღერეს, იცეკვეს, აახმაურეს ეზო, ხელოვნების მასწავლებელმა - ირმა ქუთათელაძემ წარადგინა მოსწავლეების მიერ პოეტის ლექსების მიხედვით შესრულებული ნახატები, ხოლო პდაგოგმა - ციალა გიორგაძემ პოეტის ლექსებზე შექმნილი მუსიკით, მეტი ხიბლი შესძინა ღონისძიებას. 

დასასრულს სკოლის დირექტორის მოადგილემ - მზია ჟორჟოლიანმა მადლობის სიგელები გადასცა ღონისძიების ყველა მონაწილეს.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს სახლი, სადაც დაიბადა და გაიზარდა „მეფე-პოეტი“, სადაც ქმნიდა უკვდავ შედევრებს.   

ღონისძიება, პოეტის ციტირებითა და მისდამი დიდი პატივისცემის გამოხატვით დასრულდა. 

„ასრულდა პოეტის წინასწარმეტყველება „ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა“. დიახ, სანამ ერთი ქართველიც კი იარსებებს ამ ქვეყანაზე, გალაქტიონის სახელს დავიწყება არ უწერია.. „შენ სივრცეებმა დაგაბინადრეს, შენ უკვდავების ხარ ბინადარი“  - ამ მარად უკვდავი სტრიქონებით დავემშვიდობეთ სოფელ ჭყვიშს“ - გვიყვებიან სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ სახლ-მუზეუმის შემდეგ, სასკოლო საზოგადოება არქეოლოგიურ მუზეუმს ესტუმრა, სადაც ბავშვებმა მშობლებთან ერთად, დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმი, გადაიღეს სამახსოვრო სურათები. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს იყო სასწავლო-შემოქმედებითი ექსკურსია, რომელიც ალბათ არასოდეს დაავიწყდებათ აღსაზრდელებს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203