დიდი ზარ-ზეიმი და პედაგოგებისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური ღონისძიება ძირკვაძეების საჯარო სკოლაში 
22-11-2023

წელს პირველად საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა, დღესასწაული სიმბოლურად ქართული პედაგოგიკის ფუძემდებლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს 27 ოქტომბერს დაწესდა. 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში პედაგოგთა შრომასა და ამაგს განსაკუთრებულად აფასებენ. შესაბამისად სკოლის მოსწავლეებმა ეს დღე ასევე განსაკუთრებულად აღნიშნეს და ულამაზესი და უთბილესი ღონისძიება მიუძღვნეს პედაგოგებს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ ტრადიციად აქციეს რომ საზეიმო დღეს ჩაატარონ ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“. 

ამჯერად გუნდები დაკომპლექტდა როგორც მოსწავლეებისგან, ასევე მასწავლებლებისგან. კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი - „ოლიმპო“. 

სკოლის დირექტორმა დონარ აბულაძემ საპრიზო ადგილზე გასული გუნდების სამეულს მიულოცა გამარჯვება და სიგელები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ძირკვაძეების საჯარო სკოლას დაქვემდებარებულ ზედა დეკანაშვილების დაწყებით სკოლაშიც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე განსხვავებულად და დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.

პატარებმა წაიკითხეს ლექსები. ნახეს იაკობ გოგებაშვილის წიგნის, საგანძურის მიხედვით გადაღებული რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი.

სკოლის მატიანეს მორიგი წარმტაცი დღეები შეემატა, მოსწავლეებს კი ღონისძიებებით მიღებული დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დიდხანს გაჰყვებათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203