„რეალობა თოჯინებით“ - ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბიზნესფორუმზე საინტერესო პროექტით წარდგნენ
08-11-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში დიდი შემართებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

2 ნოემბერს, ზუგდიდში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლა-ბიზნესის ფორუმი გაიმართა, რომელშიც თავისი ბიზნეს იდეით 14 სკოლა მონაწილეობდა.

მათ შორის იყო ჩხორიის საჯარო სკოლა პროექტით - „რეალობა თოჯინებით“.

ფორუმში სამოქალაქო განათლების კლუბის სამი ლიდერი მოსწავლე: ნინი არდია, გვანცა გერგედავა და ანასტასია მიქავა მონაწილეობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ თავიანთ შემუშავებული პროექტი გააცნეს ბიზნესმენებს და მათი მხარდაჭერის მოპოვება სცადეს.

„პროექტის - „რეალობა თოჯინებით“ მიზანია: საზოგადოებაში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შემოქმედებითად წარმოჩენა. მოსწავლეთა შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება. სასცენო ხელოვნების დაუფლება“, - ამბობენ სკოლაში.

პროექტის განხორციელება, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების, სტიგმების დამსხვრევას, კრიტიკულად მოაზროვნე აქტიური, გლობალური ღირებულებების მატარებელი მოქალაქეების ჩამოყალიბებას. ახალგაზრდები შეძლებენ საინტერესო და მრავალფეროვანი სცენარების შემუშავებას და ფართო საზოგადოებისთვის წარდგენას.

„დაფინანსების შემთხვევაში შევიძენთ საკერავ მანქანას, თოჯინების შესაქმნელად, სხვადასხვა რეკვიზიტებს, საჭირო რესურსებს დეკორაციისთვის და საკანცელარიო ნივთებს“, - გვეუბნებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს ყოველთვის მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203