„სიხარულისგან სცენაზე ვიტირეთ“ - ბათუმის N26 სკოლის მოსწავლეებმა ბათუმის „ეტალონის გუნდურ“ ჩემპიონატში გაიმარჯვეს
ბათუმის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში დიდ წარმატებას მიაღწია. ღონისძიებას ბათუმის N25 საჯარო სკოლამ უმასპინძლა, სადაც პირველობისთვის ერთმანეთს 29 გუნდის 145 მოსწავლე შეეჯიბრა. 20 კითხვის შემდგომ კი გამარჯვებული გამოვლინდა,
„ბათუმის ეტალონი გუნდის“ წოდება სწორედ ბათუმის N26 საჯარო სკოლის გუნდმა ზურა კაკაბაძის კაპიტნობით მოიპოვა, რომელიც VII კლასის მოსწავლეა. მათ 70 ქულა 120.48 წამში დააგროვეს. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: დეა დარცმელიძე - VII კლასი, ლანა მახარაძე - VII კლასი, სარა მიქელაძე - VII კლასი, ელენე სურმანიძე - VI კლასი.
სკოლაში მათი მიღწევით ყველა ხარობს, ულოცავენ და ულევ წარმატებას უსურვებენ.
„მასწავლებლები, მოსწავლეები, თანამშრომლები ულოცავდნენ სკოლას გამარჯვებას. დიპლომი განვათავსეთ სკოლის ფოიეში, სადაც არაერთი სკოლის წარმატებების სიგელები და დიპლომებია განთავსებული.
ემოციებით სავსე დაბრუნდნენ სკოლაში, სიამაყით და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ყვებოდნენ თავის გამარჯვებას, როგორ მოახერხეს მოკლე დროში სწორი პასუხების გაცემა. „მას სიხარულისგან სცენაზე ვიტირეთ“,- ასე მომახსენეს თავისი ემოცია. მადლობა „ეტალონს“ რომ უქმნით მოსწავლეებს მოტივაციას იმისა, რომ მეტი იცოდნენ, იკითხონ, გააანალიზონ და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ ცხოვრებაში“,- გვიყვება სკოლის პედაგოგი.
ღონისძიებას ტრადიციულად ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.