
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მის დაცვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, მოსწავლეთა ჩართულობით გარემოსდაცვითი აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლაში ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან (22 ოქტომბერი) დაკავშირებით, პროექტი - „დარგე ხე, ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე, იზრუნე შენც!“ ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა თავიანთი სურვილითა და ინიციატივით მიიტანეს ნერგები და სკოლის დიდ ეზოში საკუთარი ხელით დარგეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
„ცნობილია, რომ ერთი მოზრდილი ხე წელიწადში დაახლოებით 120 კილოგრამამდე ჟანგბადს იძლევა, რაც სამი ადამიანის სიცოცხლისათვის სრულიად საკმარისია. ამიტომ, სკოლის მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეები ვარაუდობენ, რომ შემდგომში უფრო ფართომასშტაბიანი გახადონ ეს პროექტი, რითაც არაერთი სიცოცხლე გადარჩება და უფრო ლამაზიც გახდება გარემო“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეთა ლოზუნგი იყო - „ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე, იზრუნე შენც!“.
„სკოლაში წარმატებას ვუსურვებთ ამ საოცარ ბავშვებს და ვიმედოვნებთ, რომ მოკლე ხანში ბევრი მიმდევარი გამოუჩნდებათ“, - აღნიშნავს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ელენე აბულაძე.
სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხეთბან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტო: