„ჩვენ მკითხველები ვართ“ - ირემაძეების საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
23-10-2023

მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა - იამზე ირემაძემ III , IV და VI კლასებში სოციალური პროექტი „ჩვენ მკითხველები ვართ“ განახორციელა.

როგორც თავად აღნიშნავს, მოსწავლეები წიგნს ნელ-ნელა შორდებიან, მათ უძნელდებათ კითხვის პროცესი, სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელადაა ეს პროექტი.

„დღეს, განვითარებული ტექნოლოგიების საუკუნეში, რაც ინფორმაციის მოძიება გაიოლებულია ინტერნეტის საშუალებით, ხდება წიგნთან გაუცხოება, რაც დიდ პრობლემას ქმნის არამარტო სასწავლო პროცესში, არამედ ოჯახებშიც. მოსწავლეთა უმრავლესობისთვის წიგნი და ზოგადად კითხვის პროცესი დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. სწორედ, ამ სიძნელეების დასაძლევად, გადავწყვიტე III , IV და VI კლასებში განმეხორციელებინა პროექტი, რომელიც კითხვის მოსმენის და წაკითხულის გააზრების უნარების განვითარებას და ზოგადად კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ეს კი შემდგომში მოსწავლეებს დაეხმარებათ შეძენილი უნარები გამოიყენონ პრაქტიკულად, ყოველდღიურ ურთიერთობაში“, - აღნიშნავს პედაგოგი.

პროექტის ფარგლებში ბავშვებმა საინტერესო ნაწარმოებები წაიკითხეს, ცოდნა აიმაღლეს, კითხვის უნარები გაიუმჯობესეს და ერთმანეთს წაკითხული გაუზიარეს.

მათ ნაწარმოებების შესახებ საინტერესოდ იმსჯელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში წიგნიერების დონის ამაღლებას მოსწავლეებში უმნიშვნელოვანესი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203