სახალვაშოს საჯარო სკოლის დირექტორად სამეურვეო საბჭომ ელზა მაკარაძე ერთხმად აირჩია
18-10-2023

ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. სკოლის სამეურვეო საბჭომ ერთხმად აირჩია სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატი ელზა მაკარაძე. 

2023 წელს ელზა მაკარაძემ წარმატებით დაძლია დირექტორობის მსურველთა გამოცდა და გაიარა გასაუბრების ორივე ეტაპი. ის სახალვაშოს საჯარო სკოლაში 2013 წლიდან მუშაობს ინგლისური ენის პედაგოგად.

ელზა მაკარაძეს დამთავრებული აქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მინიჭებული აქვს ბიოლოგიის აკადემიური დოქტორის წოდება. ასევე არჩეულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უსდ-ის ექსპერტთა კორპუსის წევრად. მიმდინარე წელს გახდა ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი.

სკოლის თანამშრომლები ელზა მაკარაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ და ხელმძღვანელთან ერთად წარმატებას უსურვებენ სახალვაშოს საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203