ასურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავეს
17-10-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ,,ეტალონის“ განახლებული ფორმატის კონკურსში მონაწილეობდა. 

ღონისძიება ბოგვის საჯარო სკოლაში გაიმართა. მონაწილე გუნდებს ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობდნენ.

კონკურსში მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 17 გუნდი ერთმანეთს საზრიანობასა და ერუდიციაში შეეჯიბრა. 

20 კითხვის დასასრულს, საპრიზო ადგილის მფლობელი სამი გუნდი გამოვლინდა. მესამე ადგილი კი სწორედ ასურეთის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.

გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: გიორგი ერისთავი, ელენე ხაინდრავა, ეკა ჭელიძე, ნატალი ლონდრიშვილი და საბა კობაიძე. გუნდის კაპიტანმა - გიორგი ერისთავმა აღნიშნა, რომ ამდენ ღირსეულ მონაწილეს შორის გამარჯვება მათთვის სასიხარულო, ძვირფასი და შთამბეჭდავი იყო.

ღონისძიების დასასრულს, პროექტში მონაწილე გუნდები სიგელებით, ხოლო გამარჯვებული გუნდები დიპლომებით დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასულ გუნდს თეთრიწყაროს მერია -1000 ლარს გადასცემს, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ექსკურსიას დაუფინანსებს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მსვლელობისას სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge- ში ჩართული, გამორჩეულად წარმატებული თეთრიწყაროელი მოსწავლეები, რომელთა შორის იყო ასურეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე დაჩი მურუსიძე.

ასურეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ კონკურსში გამარჯვებულ ყველა მონაწილეს მიღწეულ წარმატებას“,-ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203