
ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. სამეურვეო საბჭომ დირექტორად ნარგიზ ჯინჭარაძე აირჩია.
ნარგიზ ჯინჭარაძეს წარმატებით აქვს დაძლეული სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი, მოპოვებული აქვს დირექტორობის უფლება, ახლა, კი სამეურვეო საბჭომ მას ხმათა უმრავლესობით დირექტორის უფლებამოსილება მიანიჭა.
სკოლის თანამშრომლები ნარგიზ ჯინჭარაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.
„ქობულეთის N5 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. 6-წლიანი უფლებამოსილების ვადით ჩვენი სკოლის დირექტორად არჩეული იქნა ნარგიზ ჯინჭარაძე. ვულოცავთ, ამ ღირსეულ გამარჯვებას. ვუსურვებთ დირექტორის სტანდარტისა და თავისი ფუნქციური მოვალეობების პირნათლად აღსრულებას სკოლის ყველა თანამშრომელთან ერთად...“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან.
იხილეთ ფოტოები: