„მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია, სწავლების მეთოდიკის ცოდნა“- ქუთაისის N33 საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგი ბაია მაჩიტიძე
13-10-2023

ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე, მოტივირებასა და განვითარებაზე პროფესიონალი მასწავლებლები ზრუნავენ. მათგან ერთ-ერთი დაწყებითი კლასების წამყვანი პედაგოგი ბაია მაჩიტიძეა. მისი კომპეტენტური აზრი როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის საინტერესოა. პედაგოგმა etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს უპასუხა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ უნდა შეაყვაროს პედაგოგმა მოსწავლეს საგანი, რა არის მასწავლებლისთვის წარმატება და ა.შ.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი, რომ...

- ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგვთავაზებენ, იქნება სასიკეთო ცვლილებები განათლების სფეროში.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...

- თავდაუზოგავი შრომის შემდეგ მიღებული შედეგი - მოსწავლეების ზრდა-განვითარება, ჩამოყალიბება, წინსვლა და მოსწავლეების შესაძლებლობების აღმოჩენა, გამოჩენა და გამოყენება. ასევე, საკუთარი შრომის საზოგადოების მხრიდან აღიარება.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო...

- აუცილებელია სწავლების მეთოდიკის ცოდნა. საგნობრივი ცოდნა მას უნდა მიაწოდო მისი ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისად.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ, რომ...

- დაისახონ მიზანი, იშრომონ ამ მიზნის მისაღწევად.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...

- არის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ხელმისაწვდომობა დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ...

- ოდესმე აღელვების გარეშე ჩავატარებდი გაკვეთილს.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...

- თვითშეფასება, თვითკრიტიკა და მოსწავლეების საჭიროების მიხედვით მოქმედება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203