
საქართველოს მასშტაბით დაწყებულია საჯარო სკოლების ავტორიზაცია. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც დარეგისტრირდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლად, რისთვისაც სკოლის თითოეულმა წევრმა ბევრი იშრომა.
მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით, სკოლას ავტორიზაცია მიენიჭა.
სკოლაში სიახლე ახარებთ და სრულ მზაობას აცხადებენ სხვებსაც გაუწიონ კონსულტაცია ავტორიზაციის პროცესში.
„იქიდან გამომდინარე, რომ ძენწმანის საჯარო სკოლა პირველია მაღალმთიანი აჭარის სკოლებს შორის, რომელსაც მიენიჭა ავტორიზაცია, სრულ მზაობას ვაცხადებთ დაინტერესებულ პირებს გაუწიოს კონსულტაცია და ვუსურვებთ სხვა სკოლებსაც წარმატებით გაევლოს აღნიშნული პროცესი. გპირდებით ბევრი წარმატებით გაგახარებთ!“,- აღნიშნულია დირექციის განცხადებაში.