ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ამაღლებულ განწყობასა და სასწავლო მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.
ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
ეს მნიშვნელოვანი დღე სასკოლო საზოგადოებას დირექტორმა ბადრი გელაძემ მიულოცა და წარმატება უსურვა. სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.
„გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას და სრულიად საქართველოს მოსწავლეს, მასწავლებელსა და განათლების სისტემის თანამშრომელს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და დასახული მიზნების მიღწევას“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: