წინსვლის საჯარო სკოლის მასწავლებელი ირმა დავითაძე საინტერესო ტრენინგში მონაწილეობდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლას განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და არაერთ აქტივობაში ერთვებიან.
სწორედ ასეთი მასწავლებელია ირმა დავითაძე, რომელიც ამჯერად ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ ტრენინგში მონაწილეობდა.
ტრენინგის მიზანი დოკუმენტური ფილმებისა და მათი მნიშვნელობის უკეთ გაგება და განცდა იყო, ასევე დოკუმენტური ფილმების საგანმანათლებლო მიზნებით გამოყენების შესაძლებლობების გააზრება. ტრენინგში ჩართული მასწავლებლები პროექტის გუნდის წევრებს შეხვდნენ და პროექტის მიზნები განიხილეს.
CinéDOC-სკოლის გამოცდილმა მასწავლებლებმა კინოკლუბში მუშაობის, ბავშვებისთვის საინტერესო აქტივობებისა და მინი-ფესტივალის ორგანიზების გამოცდილებები ერთმანეთს გაუზიარეს. აღსანიშნავია, რომ ამ ტრენინგში სულ 19 მასწავლებელი მონაწილეობდა.
ღონისძიებაზე იყვნენ მიწვეული სტუმრები - ტუე სტენ მიულერი, ელენ ფონესბეხი და მარიონ ჩარნი, რომლებმაც ისაუბრეს ფილმებით სწავლებაზე, დოკუმენტურ ფილმებზე, როგორც სასწავლო მედიუმზე და ბავშვებისთვის საინტერესო კრეატიულ აქტივობებზე. CinéDOC-Tbilisi-ის საფესტივალო პროგრამა ნაწილობრივ ინტეგრირებული იყო ტრენინგის პროგრამაში და მასწავლებლებმა იხილეს ემოციური და გამორჩეული ფილმები საქართველოდან და ევროპიდან.
„ტრენინგი დაფინანსებულია შვედეთის ინსტიტუტის მიერ DOC Lounge-თან თანამშრომლობით. პროექტი მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო: