საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ფილმის ჩვენება გაიმართა
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა განათლებას, მათ მოტივირებასა და სხვადასხვა კუთხით, ცოდნის გაღრმავებას უდიდესი ყურადღება ექცევა.
ამიტომაც, რა თქმა უნდა, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი მნიშვნელოვანი თარიღი, როგორიც სოხუმის დაცემის დღეა. ამასთან დაკავშირებით, სკოლის სააქტო დარბაზში, ბესარიონ გაფრინდაშვილის დოკუმენტური ფილმის - „იარაღად ქცეული ისტორია / History Turned into a weapon“ ჩვენება გაიმართა. აქტივობაში ყველა ინტერესით ჩაერთო, მათ ისაუბრეს და ფილმში წამოჭრილი საკითხები განიხილეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, ფილმის დასრულების შემდეგ, გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლეებს, სკოლის დირექტორმა _ ლალი მელივამ და პედაგოგებმა - გუგა ბენდელიანმა, სოფი გორგილაძემ, ირინე კვანჭიანმა, კობა ბარბაქაძემ, გური ბაბილოძემ, მარინა ტოხიშვილმა და ელენე მელიქიძემ აფხაზეთის ომის ტრაგიკულ შედეგებზე მოუთხრეს.
„ფილმში, ისტორიულ ჭრილში, განხილულია გაყინული კონფლიქტის, რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის უმშვენიერესი კუთხის, აფხაზეთის ტრაგედია.
დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით გადაღებული 55-წუთიანი ფილმი მრავალმხრივ საინტერესო გამოდგა როგორც უფროსი, ასევე მოზარდი თაობისთვის.
ამ ისტორიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა საქართველოს უმშვენიერეს და ძირველ კუთხეში დატრიალებული კონფლიქტებისა და ადამიანური ტრაგედიების შესახებ.
მაყურებლებმა დიდი ინტერესით მოისმინა პოლიტოლოგების, ისტორიკოსების, სამხედრო ჩინოსნების, მწერლების მიერ შეფასებული ეპოქალური საკითხები, საბჭოეთის მზაკვრული პოლიტიკა - საქართველოსთან მიმართებაში; უძველესი ტარდიციები, რომელიც ცხადყოფს ქართველი და აფხაზი ხალხის მრავალსაუკუნოვან ძმურ თანაცხოვრებას.
ფილმის ჩვენება გულისხმობს გრძელვადიან სასკოლო პროექტს, რომელიც იწოდება შემდეგნაირად: „გვახსოვს და გვიყვარს, რაც ჩვენი ნებით არ დაგვითმია“.
სასკოლო საზოგადოებამ მიზანად დაისახა, რომ ეს პროექტი სამომავლოდ მიიღებს მასშტაბურ სახეს, რომელიც მიმართულია მოზარდებში მშვიდობიანი ურთიერთობების, დიალოგის კულტურის, განსხვავებული აზრის მოსმენის და აფხაზ თანატოლებთან „საერთო ენის“ გამოსაძებნად“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: