ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-5 კლასში „კითხვის საათი“ მოეწყო
06-10-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ყოველთვის გამორჩეული და საინტერესო აქტივობები იმართება. 

ამჯერად, მე-5 კლასში, დამრიგებელმა თამთა გაჩეჩილაძემ „კითხვის საათი“ ჩაატარა. მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „ბებო“ წაიკითხეს. გაიხსენეს ფილმები, მოთხრობები, სადაც შვილიშვილებისადმი ბებია-ბაბუების დიდი სიყვარული ჩანს და უყურეს ნაწყვეტებს ფილმებიდან - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „სისხლი“.

მოსწავლეებმა დაფაზე ჩამოწერეს სიტყვები, რომლებიც ბებიის, ბაბუის, დიდედის, პაპის წარმოთქმისას ახსენდებოდათ, ესენია: ზრუნვა, სიყვარული, სითბო, დაცვა... როგორც სკოლაში ამბობენ, მეხუთეკლასელებმა დიდი სიყვარულით ისაუბრეს თავიანთ ბებოებზე, მოეფერნენ თბილი სიტყვებით და მათი ამაგის დაფასებაზე ისაუბრეს.

„ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო, თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში“,- სკოლაში გოდერძი ჩოხელის ეს სიტყვებიც გაიხსენეს. 

აქტივობამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

„ტექსტის ირგვლივ მსჯელობამ არაერთხელ დააფიქრა მოსწავლეები იმ განცდებზე, რაც მოთხრობის გმირის, ბებიას სიტყვებში ამოიკითხეს. მწერლის მთავარი სათქმელიც ხომ ეს იყო: „გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს“.
2 ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა. ის იყო ხალასი ნიჭის მქონე პიროვნება, რომელსაც მუდამ თან დაჰყვებოდა სიკეთე, სიყვარული, სათნოება და საოცარი ადამიანური სისადავე.
„კითხვის საათს“ ესწრებოდნენ ამავე კლასის მოსწავლის ბებია, ქალბატონი მარინე ახვლედიანი და სკოლის ინფომენეჯერი მარი ივანიძე. მე-5 კლასი მადლობას უხდის ბებოს ჩართულობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203