თბილისის N190 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა -  განახლებული სკოლის კარი მოსწავლეებმა საზეიმოდ შეაღეს
06-10-2023
თბილისის N190 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა. ამის გამო კი, ახალი სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა. 

განახლებული სკოლის კარი მოსწავლეებმა ოქტომბერში დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. სასკოლო საზოგადოებისთვის ეს დღე მართლაც დაუვიწყარი დღესასწაული იყო.


მანამდე კი, მიმდინარე სამუშაოები ადგილზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ლევან სუხიტაშვილმა დაათვალიერა. 

სკოლაში, ჯამში 3 082 621 ლარის ღირებულების, სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდა: პირველ ეტაპზე, მოხდა სასწავლო კორპუსის გამაგრება და ორივე კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია, რომლის შემდგომ დაიწყო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების ფარგლებში შენობის ოთხივე სართულზე გარემონტდა საკლასო ოთახები, დერეფნები, ფოიე, ადმინისტრაციული ნაწილი, ბიბლიოთეკა, სველი წერტილები და კიბის უჯრედები; გამოიცვალა კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი. მოეწყო გათბობისა და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მრავალფუნქციურ დახურულ სპორტულ დარბაზს.

როგორც სკოლაში ამბობენ, სკოლა ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ტექნიკით სრულად აღჭურვილია, რისთვისაც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ კიდევ 130 000-მდე ლარი გამოყო საოფისე და სასკოლო ავეჯისა და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად.

განხორციელებული პროექტის შედეგად, სკოლის 697 მოსწავლე და 62 თანამშრომელი შეძლებს ისარგებლოს სრულად განახლებული სასწავლო სივრცეებით, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, ექიმის კაბინეტით და მრავალფუნქციური სპორტული დარბაზით. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203