ტობანიერის საჯარო სკოლის მე-6 - მე-7 კლასელთა სასწავლო-შემეცნებითი ტური - მოსწავლეები მშობლიური კუთხის ისტორიულ წარსულს გაეცნენ
05-10-2023

აკადემიკოს კორნელი კეკელიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის მე-6, მე-7 კლასის მოსწავლეებმა სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში - „ვიცნობდეთ მშობლიურ მხარეს“ რაიონის არქეოლოგიური მუზეუმი, ისტორიული ძეგლები და ტაძრები მოინახულეს.

„მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა ,თავისი ვინაობა"- დიდი ილიას ეს სიტყვები, რომ კარგად გაიაზრონ და გაითავისონ ადამიანებმა საჭიროა პატარაობიდანვე ჩავუნერგოთ მოსწავლეებს მშობლიური კუთხის სიყვარული და წარსულის  პატივისცემა ...“- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ამ მიზნით ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს ხშირად სტუმრობენ.

ამჯერად, მოსწავლეების, მშობლებისა და დამრიგებლების - შორენა ოჩხიკიძისა და ლენა ფაილაძის  ურთიერთშეთანხმებით, გადაწყდა მშობლიური ვანის არქეოლოგიური მუზეუმის, ისტორიული ძეგლებისა და ტაძრების მონახულება.

 როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვები დიდი ინტერესით გაეცნენ მშობლიური კუთხის ისტორიულ წარსულს.

„მათი აღფრთოვანება გამოიწვია განსაკუთრებული ტექნოლოგიით დამუშავებულმა უძველესმა ხელნაკეთმა ნივთებმა და სამკაულებმა, რომელთა ანალოგის დამზადება თანამედროვე პირობებში, ტექნოლოგიების საუკუნეშიც, კი შეუძლებელია. განსაკუთრებული ინტერესი და მხიარული განწყობა „ვანელი თამადის“ ხილვამ გამოიწვია. ექსკურსია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, რითაც მუზეუმის თანამშრომლების შექება და მადლობა დაიმსახურეს. ემოციებით დატვირთული ბავშვები ძველი კოლხეთის უძველეს და უმდიდრეს ნაქალაქარზე ამაყად დააბიჯებდნენ...

არქეოლოგიური მუზეუმიდან გეზი სოფელ სულორისა და  ისრითის ტაძრებისკენ აიღეს ...

მოინახულეს ბალნეოლოგიური კურორტი „სულორი“ ,რომელიც  წინა წლებში ტურისტებით მდიდარი იყო, ახლა კი აღდგენა-განახლებას საჭიროებს. ულამაზესი ადგილი საქონლის საძოვრებადაა ქცეული. ბავშვებმა სამომავლოდ დასუფთავების აქციაც დაგეგმეს !

ეს ლამაზი დღე მშვიდობის გორაზე არსებულ ყიფიანის სახელობის განახლებულ სკვერში დაასრულეს! ბევრი ითამაშეს, იცეკვეს, იმღერეს და ემოციებით დატვირთულები მშობლიურ სოფელში დაბრუნდნენ“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203