კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავეს
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის გუნდმა „ეტალონის გუნდურ ჩემპიონატში“ დიდი წარმატებას მიაღწია.
ისინი 61 ქულით მეორე ადგილზე გავიდნენ. გუნდის კაპიტანი გახლდათ VII კლასის მოსწავლე ლილე მეტრეველი, მონაწილეები კი: ქრისტინე დავითაშვილი - VII კლასი, დაჩი დადუნაშვილი - VI კლასი, ლაზარე დალაქიშვილი - VI კლასი და ნინო ბერუაშვილი - VII კლასი.
აღსანიშნავია, რომ „ეტალონი“ ერთგულ „ეტალონელებს“ დასწრებით რეჟიმში დაუბრუნდა და განახლებული ფორმატით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლებისთვის გუნდურ კონკურსებს ჩაატარებს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიებას ბოგვის საჯარო სკოლა მასპინძლობდა, ხოლო მონაწილე გუნდებს ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობდნენ. ადგილობრივი სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს საზრიანობასა და ერუდიციაში შეეჯიბრნენ. ღონისძიებას „ეტალონის“ სულისჩამდგმელი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
ღონისძიების დასასრულს პროექტში მონაწილე გუნდები სახელობითი სიგელით, ხოლო გამარჯვებულები - დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსრვებენ.
„ვულოცავ ჩვენი სკოლის VI-VII კლასის მოსწავლეებს,მათ მასწავლებლებს, ზოგადად, კოდის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებას, „ეტალონის გუნდურ ჩემპიონატში“ მიღებულ მეორე ადგილს და ვუსურვებ შემდგომ წარმატებას სხვადასხვა პროექტში“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: