
ქუთაისის N40 საჯარო სკოლა ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა.
კვირეულის ფარგლებში გაიმართა მუნიციპალური თამაშები „მხიარულ სტარტებში“, სადაც ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები ორ გუნდად წარდგნენ (არგონავტები I, არგონავტები II) და ქუთაისის N15 და N33 საჯარო სკოლების გუნდებს შეეჯიბრნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაშები მეტად საინტერესოდ წარიმართა, რასაც ხელს უწყობდა მშობლების გულშემატკივრობა.
ღონისძიების ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები სახეობების მიხედვით. ქუთაისის N40 საჯარო სკოლის გუნდმა ორ თამაშში გაიმარჯვა. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, N33 საჯარო სკოლას კი ბადალი არ ჰყავდა ბაგირის გადაძალვაში.
სპორტული კვირეული დასრულდა ნინოშვილის ბაღში გამართული სპორტული აქტივობებით, სადაც N40 სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს მძლეოსნურ გარბენში.
გამარჯვებული გუნდები და სპორტსმენები საპატიო სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებისთვის გუნდები სპორტის პედაგოგებმა: გულნარა ბზიკაძემ და ბესიკ ჯანელიძემ მოამზადეს.
სკოლაში დიდი სიამაყით აღნიშნავენ, რომ ღონისძიებაში მონაწილე ყველა მოსწავლე N40 საჯარო სკოლაში არსებული სპორტულ კლუბ - „არგონავტების“ წევრები არიან და დასძენენ, რომ კვირეულმა დიდი როლი ითამაშა მოსწავლეთა ფიზიკური თვისებების: ძალა, სისწრაფე, გამძლეობა, მოქნილობისა და სიმარჯვის განვითარებაში.
„მოსწავლეებმა ირწმუნეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ სპორტული აქტივობებითაა შესაძლებელი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: