„ჩვენ გვახსოვს და გვტკივა აფხაზეთი!“ - რაქვთის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
29-09-2023

თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლაში, სოხუმის დაცემის დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს. 

„ო,აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ“ - არის ფრაზა, რომელიც ლაიტმოტივად თან სდევდა ღონისძიებას. 

სკოლაში აღნიშნეს, თუ რა მძიმე დღეა 27 სექტემბერი  - 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

„დიოსკურია ცეცხლის ალში გაეხვია და აღარ გვყავდა მშველელი. მისი ქუჩები კი, მისი უკანასკნელი დამცველი გმირი ბიჭების და გოგოების ცხედრებით იყო მოფენილი!

სოხუმის დაცემას კი ნამდვილი გოლგოთა მოჰყვა, რომელიც 300 ათასმა ადამიანმა გაიარა. შემდგომ დღეებში ჭუბერის გზაზე, ტყვედ ჩავარდნის, შემდგომ წამების და დახვრეტის შედეგად ათასობით სრულიად უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა!“ - ამ სიტყვებით აღწერეს სკოლაში, ქვეყნის მძიმე ჟამი. 

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა... ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

„გახსოვდეთ მეგობრებო, დებო და ძმებო დიოსკურია ელოდება თავის შვილებს, ის ელოდება იმათ ვისიც იყო ეს წალკოტი ათასწლეულების განმავლობაში და ეს ჩვენ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს!

ჩვენ გვახსოვს და გვტკივა აფხაზეთი! ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს! აფხაზეთი საქართველოა!“, -ემოციური გზავნილით დასრულდა ღონისძიება რაქვთის საჯარო სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203