ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას საზეიმო ღონისძიებით შეხვდნენ.
მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს სკოლის დირექტორმა - მარინა ნანდოშვილმა-წიქარიშვილმა ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც. მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.
„ჰერეთისკარის საჯარო სკოლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ჯონდო მდივნიშვილს დიდ მადლობას უხდის პირველკლასელი მოსწავლეების დასაჩუქრებისათვის“,- ამბობენ სკოლაში.