თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესით გამოირჩევიან.
სწორედ ამიტომ, სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს და მოიპოვეს გრანტი ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მიერ გამოცხადებულ პროექტების კონკურსში პროექტით - „ლიმონი-საოთახე კულტურა“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო ლიმონის, როგორც საოთახე კულტურის წარმოების მაგალითზე სამეწარმეო თემის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება.
ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დააკალმეს და გაახარეს 250 ძირი ლიმონის ნერგი.
„პერიოდულად მიმდინარეობს მოსწავლეთა მიერ ნერგების მოვლა-პატრონობა, დაკვირვება, ნიადაგის განაყოფიერება სხვადასხვა ორგანული და არაორგანული ნივთიერებებით. შემოდგომაზე იგეგმება პროექტის დასკვნითი პრეზენტაცია და ნარგავების ყიდვა-გაყიდვის მოწყობა. შედეგებიდან გამომდინარე დაისახება სამომავლო გეგმები“,- გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: