
როგორც სკოლაში გვიყვებიან, „ცოდნის ზეიმი“ ტრადიციულად დაწყებითი განათლების მასწავლებელმა - ლელა ჩოგოვაძემ გახსნა, რომელსაც მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, სოფლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი მამა დავითი ესწრებოდნენ.
„ისევ დაიწყო 21-ე საუკუნის კიდევ ერთი ახალი სასწავლო წელი. ისევ გათენდა სექტემბრის დილა, ისევ აწკრიალდა ზარი. ახალი მიზნებითა და ამოცანებით, ჩვეული სიხარულით, ისევ გვეწვია ცოდნის დღესასწაული - ცოდნის ზეიმია სრულიად საქართველოში“, - ამბობენ სკოლაში.
სკოლის დირექტორმა - ნინო წილოსანმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სასკოლო საზოგადოებას და წარმატებები უსურვა მათ.
მან, ასევე, სერტიფიკატებით დააჯილდოვა სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართული და წარჩინებული აკადემიური მოსწრების მოსწავლეები, ხოლო სამახსოვრო ბარათები გადასცა პირველკლასელებს.
„პირველმაკლასელმა მოსწავლეებმაც ლექსებით მიულოცეს ერთმანეთს „ცოდნის ტაძარში“ პირველი ნაბიჯები. კვლავ იმედებით აწკრიალდა სკოლის ზარი, ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც უსაფრთხო გარემოში მიუსხდნენ მერხებს გამთბარი ცოდნის სხივებით და ჰიმნის ფონზე აღიმართა საქართველოს დროშა“, - გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: