ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ტურაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სასწავლო კურსის წარმატებით გავლისთვის დააჯილდოვა
31-08-2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეები ცხელ ზაფხულსაც ეფექტურად იყენებენ განვითარებისა და თვალსაწიერის გაფართოებისათვის. ასე, მაგალითად: მე-12 კლასის მოსწავლე ანა ტურაშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის „ეკოლიდერთა სკოლაში“ იმყოფებოდა და შთაბეჭდილებებით აღსავსე დაბრუნდა. 

„ეკოლიდერთა სკოლის“ სასწავლო კურსის შემაჯამებელ შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. გასვლითი ტურის ფარგლებში მოსწავლეები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიას ესტუმრნენ და წყლისა და მიწის კვლევის პროცესებს გაეცნენ. ბიომრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით, მონაწილეები საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, თბილისის ახალ ზოოპარკში, სამშვილდეს ნაქალაქარსა და ალგეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდნენ. ნარჩენების გადამუშავების საკითხების გაცნობის მიზნით, შპს „პოლივიმს“ ესტუმრნენ და საწარმოს მუშაობის პროცესს ადგილზე დააკვირდნენ.

„ეკოლიდერთა სკოლა” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანი ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაა. ორი თვის განმავლობაში, მოსწავლეებს ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ. IX-XII კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მიიღეს ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების, ადამიანის ეკოლოგიური უფლებების, ნარჩენების მართვის მნიშვნელობის, დაცული ტერიტორიების, ბიომრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილების, ტყის მდგრადი მართვისა და გარემოსდაცვითი განათლების შესახებ.

„წარმატებას ვუსურვებთ ანასა და მის თანატოლებს. გვჯერა, ისინი მუდმივად იზრუნებენ ჩვენი პლანეტის ბიომრავალფეროვნებაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203