
თბილისის N133 საჯარო სკოლაში აკადემიური წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებითა თუ ღონისძიებებით. ნაყოფიერი აღმოჩნდა პროექტებით სწავლება.
„ძაღლებს რომ ლაპარაკი შეეძლოთ“ - ასე ჰქვია VIა კლასის მოსწავლეთა შექმნილ ვიდეოფილმს, რომელიც, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნინო ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით, სასკოლო პროექტის ფარგლებში მომზადდა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა შეისწავლეს დღევანდელობის უმნიშვნელოვანესი პრობლემა - მიუსაფარი ძაღლების თემა.
„მათ ნამუშევარში წარმოჩენილია, როგორც ძაღლების მიმართ ჰუმანური მოპყრობის აუცილებლობა, ასევე, ის საშიშროება, მიუსაფარი ძაღლები რომ უქმნიან ადამიანებს. ფილმი აგებულია მოსწავლეების სადისკუსიო სტუდიის („სტუდია 408“) ჩანაწერების, ცნობილი მოთხრობების, ანიმაციური და მხატვრული ფილმების ნაწყვეტებისა და ორიგინალური მსჯელობის მეშვეობით. პატარებს მუშაობაში ეხმარებოდნენ უფროსი და უმცროსი მეგობრები: მარიამ ჩიხაძე, შოთი ლაშხი, ლიზი გაგლოშვილი, საბა ილურიძე, ნიკა აფციაური“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ამ ეფექტურმა ნამუშევარმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ მოსწავლეთა შექმნილი ვიდეოფილმი: