
„ეს სასწავლო წელი იყო ჩემთვის და ჩემი კოლეგებისათვის ფოიერვერკი“ - აღნიშნავს ქუთაისის N16 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე მაია ფხაკაძე, რომლიც მუდამ წინსვლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. მისთვის მოსწავლეებთან ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა და დასძენს - დრო, რომ უკან დაბრუნდეს ისევ იგივე პროფესიას აირჩევდა. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორის მოადგილე მაია ფხაკაძესთან:
- ეს სასწავლო წელი იყო...
- ჩემთვის და ჩემი კოლეგებისათვის ფოიერვერკი. ჩვენი შრომის შედეგი დაფასდა და მრავალ წარმატებასთან ერთად კულმინაცია გახლავთ ჩვენი მოსწავლის, თამარ ახვლედიანის უპრეცენდენტო გამარჯვება, ის ერთი წლით უფასოდ ისწავლის ამერიკის შეერთებულ შტატებში.
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- დიდ მადლობას, თქვენი ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში და ჯანსაღი ურთიერთობა ყოველი წარმატების საწინდარია...
- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- მე მიყვარს N16 საჯარო სკოლის ყველა კურსდამთავრებული და ამაყი ვარ მათი წარმატებებით.
- მე, რომ აბიტურიენტი ვიყო...
- კვლავ ავირჩევდი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტს (ალბათ წინა ცხოვრებაშიც მასწავლებელი ვიყავი და ბავშვივით მიყვარს ჩემი პროფესია).
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- ჩემო თეთრგულა მერცხლებო გაგვახარეთ, ფეხბედნიერი იყოს თქვენი მოსვლა ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში.
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- ბევრი დამსახურებული შექება და კომპლიმენტი მიმიღია ჩემი ცხოვრების მანძილზე, ყველაზე უფრო გულში ჩამწვდომი გახლდათ, როდესაც N16 საჯაროში ახალ მისულ პედაგოგს მშობელმა შვილის ნათქვამი გადმომცა - „იცი დედა, ჩვენთან ახალი დირექტორის მოადგილე მოვიდა და თანაც მაგარი ჯიგარიო“ (მაპატიეთ ჟარგონისთვის) მაგრამ ეს სიტყვა გახლდათ ის ხიდი რომელიც მე, ანრის და ყველა ბავშვს გვაერთიანებს.
- მოტივაციას მაძლევს...
- მშვიდობით გათენებული ყოველი დილა, ბავშვების სიყვარული და შვილის წარმატებით გაბრწყინებული მშობლის თვალები და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი, იცი რომ გყავს შენი სკოლის თანამოაზრე გუნდი „ეტალონი“, რომელიც ჩვენს წარმატებას მთელ საქართველოს გაუზიარებს.