
დაბა ხარაგაულის N3 საჯაროს სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიმართულებით, სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა გაიმართა.
მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა სახელწოდებით - „ხელოვნური ეკოსისტემა“, რომელიც ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, დალი ლურსმანაშვილმა პროექტის - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მე - 6 კლასის მოსწავლეებთან ერთად განახორციელა.
მოსწავლეებმა შექმნეს და კლასში პრეზენტაციის სახით წარადგინეს ორი განსხვავებული - უდაბნოსა და ტყის ჰაბიტატის მოდელი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ორივე მოდელი იყო ულამაზესი.
„პრეზენტატორებმა საინტერესოდ და სიღრმისეულად გადმოსცეს სამუშაო პროცესი: რესურსების მოძიების, შექმნისა და დამუშავების თანმიმდევრობა, სადაც თვალნათლივ ჩანდა მიზანდასახულობა, გუნდურობა, მაღალი მოტივაცია, პასუხისმგებლობა და თეორიული საკითხების ცოდნა“,- გვიყვებიან სკოლაში.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, ეკოკომიტეტის წევრები, მასწავლებლები და სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.
„მადლობა დალი მასწავლებელს და მე- 6 კლასის მოსწავლეებს აქტიური მუშაობისათვის და მომავალშიც წარმატებულ და საინტერესო პროექტების განხორციელებას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: