„ამას მეც წავიკითხავდი“ - თბილისის N6 სკოლის მასწავლებელმა და მოსწავლეებმა სსსმ ბავშვებისთვის მხატვრული ნაწარმოებების ადაპტირებული ვერსიები შექმნეს
21-06-2023

„ამას მეც წავიკითხავდი“- თბილისის N6 საჯარო სკოლის პროექტია, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის მხატვრული ნაწარმოებების ადაპტირებული ვერსიების შექმნას გულისხმობს.

პროექტის იდეის ავტორი და ხორცის შემსხმელი მე-6 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა ტუღუში გახლავთ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი საქართველოს მასშტაბით პირველია და მას ჩვენსა და, ალბათ, ბევრ ქვეყანაში ანალოგი არ აქვს.

ტექსტის ადაპტირებულ ვერსიებზე და ილუსტრაციებზე  სკოლის მე-5 ,მე-5 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს.

„შეიქმნა 8 ადაპტირებული წიგნი იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ვერ მოახერხებენ სრული ვერსიის წაკითხვას, მათივე სურვილის მიუხედავად. მასწავლებელი და მოსწავლეები ეცადნენ წიგნები გამარტივებული ლექსიკით სსსმ მოსწავლეთათვის ადვილად წასაკითხი ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ ზოგადად ამ ტიპის წიგნების სიმწირეს განიცდის ქართული  წიგნის სამყარო, რაც არაერთხელ აღნიშნეს სსსმ მოსწავლეთა მშობლებმაც. ეს წიგნები ეძღვნება საბას, გიორგის, საბას, კახასა და მათ თანატოლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ადაპტირებული წიგნების პრეზენტაცია 16 ივნისს  უნივერსიტეტ „ალტერბრიჯში“ შედგა მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის - თამარ აბაზაძისა  და უნივერსიტეტის რექტორის - ნათია გოქსაძის დახმარებითა და ხელშეწყობით.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მიწვეულმა სტუმრებმა (გამომცემლობა „დიოგენე“, მასწავლებლის სახლი, განათლების სამინისტრო) აღნიშნული წიგნების გამრავლება-გავრცელებაში დახმარების სურვილი გამოთქვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203