„ვაჩუქოთ სიხარული ბავშვებს!“ - ბავშვთა დაცვის დღესასწაული სამრეკლოს საჯარო სკოლაში 
20-06-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. აკადემიური წელი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი ღონისძიებებითა თუ აქტივობებით. მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად აღნიშნავდნენ მნიშვნელოვან თარიღებს. 

შესაბამისად სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელსაც მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა. 

„ვაჩუქოთ სიხარული ბავშვებს“ ამ ლოზუნგითა და დაწყებითი კლასების მასწავლებლების ორგანიზებით, პატარებმა ჯერ მულტიპლიკაციური ფილმი ნახეს, შემდეგ მოხატეს ბილიკი, იცეკვეს, იმღერეს და ტკბილეულიც მიირთვეს.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა - თამარ ყოჩიაშვილმა მეორე კლასის მოსწავლეებს ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, შემოქმედებითი აქტივობა შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს. აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ. შემდეგ უკვე, მათი დამრიგებლის - მაია ნასრაშვილის დახმარებით მოეწყო საკლასო გამოფენა.

დღე დააგვირგვინა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - სოფიო შიშნიაშვილის ინიციატივით, გამართულმა პოეზიის საღამომ, რომელშიც საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მათ წაიკითხეს ცნობილი პოეტების ლექსები, რაც ემოციურად იმდენად გადამდები იყო, რომ მასწავლებლებიც შეუერთდნენ და მათაც წაიკითხეს საყვარელი ლექსები.

„ბავშვებს მშვიდობასა და ფერად დღეთა სიმრავლეს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203