წარმატებული სასწავლო წლის შთამბეჭდავი დასასრული ერკეთის საჯარო სკოლაში 
20-06-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში წარმატებული სასწავლო წელი ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, 15 ივნისი არ ჰგავდა სხვა სასწავლო დღეებს. ეს იყო აკადემიური წლის ბოლო სასწავლო დღე, ერკეთის სკოლამ კი ყველაფერი გააკეთა მისი განსაკუთრებულობისთვის.

დილით მოეწყო სპორტული ღონისძიებები, შეჯიბრებები - ფრენბურთში, კალათბურთში, ფეხბურთში.

სკოლის შესასვლელში შეკრებილმა მოსწავლეებმა შეასრულეს საქართველოს ჰიმნი, რომლის ფონზე აღიმართა საქართველოს დროშა. ღონისძიებაში ჩართული იყო ყველა: მიწვეული იყვნენ მშობლები, თემის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

სკოლის დირექტორმა - თენგიზ ოსეფაიშვილმა შესთავაზა მოსწავლეებს ისეთი ინტელექტუალური სავარჯიშოები, რომლებიც თავის თავში მოიცავდნენ პასუხებს, რაც ბავშვებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა

უმცროსკლასელებმა თავი ისახელეს გურული იუმორით, ანდაზებით და გამოცანებით, უფროსკლასელებმა წარმოადგინეს სიტუაცია სამეზობლოში, რაზეც ბევრი იცინა მაყურებლებმა. 

მეორეკლასელები და მათი მშობლები მთელი სასწავლო წლის მანძილზე აქტიურობდნენ, რისთვისაც სკოლის დირექტორმა მათ მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა.

„დაუვიწყარი და შთამბეჭდავი იყო მათემატიკის და ესთეტიკის კათედრის ერთობლივი ნამუშევარი - როგორ გამოამჟღავნეს მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა კონკურენტუნარიან გარემოში მათემატიკისა და მუსიკის ცოდნა. მართლაც კარგად გამოუვიდათ უმოკლეს დროში გონებამახვილური ამოცანების ამოხსნა და მელოდიების გამოცნობა, რაც მათემატიკის მასწავლებლის - მარინა მაისურაძისა და მუსიკის პედაგოგ გურანდა აბუსერიძის შემოქმედებითი შრომით განახორციელეს.

დასასრულს მასწავლებლებს, მშობლებს, სტუმრებს სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა სასწავლო წლის მანძილზე გაწეული თანადგომისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.  დამრიგებლებმა კი ჩვეული  რჩევა-დარიგებით გააცილეს მოსწავლეები სკოლის ჭიშკრამდე იმ დიდი სურვილით, რომ მხიარულად გაატარებენ საზაფხულო არდადეგებს და გაკაჟებულნი დაუბრუნდებიან მშობლიურ სკოლას“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203