„ჯანსაღი კვება და კვებითი დარღვევები“ - ტყიბულის N6 სკოლის VIII კლასის მოსწავლეთა ჯგუფური პროექტები და საინტერესო პრეზენტაცია
19-06-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით, სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება, პროექტი თუ აქტივობა გაიმართა. 

მათ შორის აღსანიშნავია, ბიოლოგიის პედაგოგ ლელა სილაკაძის პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მოზარდებში“, რომლის ფარგლებში, VIII კლასის მოსწავლეებმა სკოლაში წარადგინეს ჯგუფური პროექტები თემაზე - „ჯანსაღი კვება და კვებითი დარღვევები“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-8 კლასელებმა საინტერესოდ და მრავალფეროვნად ისაუბრეს პრეზენტაციისას, ყურადღება გაამახვილეს ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა ანორექსია, კახექსია, სიმსუქნე, ავიტამინოზი და სხვა. ბავშვებმა დაასახელეს ამ დაავადებების პრევენციის მთავარი გზა - „ჯანსაღი კვება“, აღნიშნეს, რომ ის ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია და უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორცილებას.

„სწორად შერჩეული საკვებით შესაძლებელია შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, შევამციროთ და თავიდან ავიცილოთ ქრონიკული დაავადებების რისკი, გამოვიყურებოდეთ მიმზიდველად. კვების სრულფასოვნებას განსაზღვრავს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დაბალანსებული მიღება. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მოზარდებში“,- გვეუბნებიან სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203