„აკაკი წერეთლის ნაკვალევზე“ - ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროექტი სხვიტორსა და სავანეში ვიზიტით დაასრულეს
19-06-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით არაერთი საინტერესო პროექტი თუ აქტივობა წარმატებით განხორციელდა.

მათ შორის იყო პროექტი - „აკაკი წერეთლის ნაკვალევზე“, რომლის ხელმძღვანელი ციალა ჭიხვარია, მონაწილე პედაგოგები კი ლექსანდრე ცინცაძე და დარეჯან მელუა იყვნენ.

აღნიშნული პროექტი სკოლის VI-VII-VIII კლასების მოსწავლეებმა სხვიტორსა და სავანეში ვიზიტით დაასრულეს.

„ამ დღეს მათ აკაკი წერეთლის საგვარეულო მამულში, სასახლეში, ხელისგულივით გაშლილ ძიძისეულ კარ-მიდამოში და კარის ეკლესიაში ისეირნეს“, - გვეუბნებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ ადგილზე იყვნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბავშვებიც, რომლებსაც მოსწავლეები დაუახლოვდნენ.

„ისინი ერთად ისმენდნენ სხვიტორის სასახლის გიდის შთამბეჭდავ საუბარს აკაკის ბავშვობასა და ყრმობაზე, ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში დაბრუნებულმა მოსწავლეებმა პროექტის პრეზენტაცია გამართეს.

მათ მიღებული ინფორმაცია და ცოდნა წარმოაჩინეს.

„იმდენად ღრმად და შინაარსიანად წარმოადგინეს მე-7 კლასელებმა „თორნიკე ერისთავის“ ავტორის შემოქმედება, იმდენად მრავალფეროვანი მასალა მოიძიეს პროექტის მონაწილეებმა, რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ პროექტმა მიზანს მიაღწია“, - ამბობენ სკოლაში.

პროექტის მსვლელობაში და მის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესით, ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203