„უღრმესი მადლობა, ძვირფასო მეგობრებო“-ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორმა დუისის საჯარო სკოლიდან კონფერენციის მოსაწვევი მიიღო
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში პროექტის - „ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს“, დასკვნითი ღონისძიება და კონფერენცია იგეგმება. მასზე პროექტის ადმინისტრატორმა - მუსლიმ ბორჩაშვილმა და სკოლის მასწავლებელმა - აზა ხანგოშვილმა ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე და სასკოლო საზოგადოება მიიწვიეს.
ღონისძიება 2023 წლის 7 ივლისის, 14:00 საათზე გაიმართება.
„ჩვენ, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის მოსწავლე და პროექტ „ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს“ ადმინისტრატორი მუსლიმ ბორჩაშვილი და სკოლის მასწავლებელი აზა ხანგოშვილი გიწვევთ კონფერენციაზე და პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე. კონფერენციის შემდეგ გვინდა ყველა სტუმარს სათანადოდ გავუმასპინძლდეთ ადგილობრივი ტრადიციული კერძებით. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება მიგიღოთ და გიმასპინძლოთ ჩვენთან ხეობაში“,- ვკითხულობთ საკონფერენციო მოსაწვევში.
ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე დუისის საჯარო სკოლას მადლობას უხდის.
„უღრმესი მადლობა, ძვირფასო მეგობრებო, ამ არაჩვეულებრივი მოსაწვევისთვის, რომელსაც ასე ველოდი“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე.