
არიფ ალიევის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები აღინიშნება.
გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა, რომელსაც სკოლაში კვირეული მიეძღვნა.
კვირეული 6 აპრილიდან დაიწყო, რამდენიმე აქტივობა გააერთიანა და, როგორც სკოლაში გვიყვებიან, 13 აპრილს, სხვადასხვა მიმართულებით, საუკეთესო მოსწავლეთა დაჯილდოებით დასრულდა.
„ყველაზე მრავალრიცხოვანი საფინალო კონკურსი აღმოჩნდა. მოსწავლეები ერთმანეთს ქართული ენის ცოდნაში რეალურ დროში შეეჯიბრნენ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
კონკურსში X ბ კლასის მოსწავლემ - იასამან ალახვერდიევამ გაიმარჯვა, რომელმაც ამ წლის „საუკეთესო მოქართულის“ დიპლომი და ქართულის მასწავლებლის დაწესებული სულაკაურის გამომცემლობის 50-ლარიანი სასაჩუქრე ბართი დაიმსახურა.
მე-2 და მე-3 ადგილები კი გაინაწილეს Xა კლასის მოსწავლემ - რაგსანა ალიევამ და VII ა კლასის მოსწავლემ - ნარგიზ აივაზოვამ.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები: