კოდის საჯარო სკოლაში მოქმედმა „იდეების და მეწარმეობის ლაბორატორიამ“ მრავალფუნქციური მწვანე ზონა მოაწყო
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ხორციელდება. ამჯერად, სკოლაში მოქმედმა „იდეების და მეწარმეობის ლაბორატორიამ“ პროექტი - „თავისუფალი მწვანე ზონა“ განახორციელა. გაიმართა სკვერის გახსნის საზეიმო ცერემონია.
ღონისძიებას „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლები, პროექტის მხარდამჭერი კურსდამთავრებულები, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას განხორციელებული აქტივობები გააცნეს. პროექტისთვის გამოყოფილი საგრანტო თანხა 400 ევრო იყო. კლუბმა სკოლის და საზოგადოების აქტიური მხარდაჭერით, 5600 ლარის მობილიზება და მრავალფუნქციური მწვანე ზონის მოწყობა შეძლო.
„მადლობას ვუხდით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა პროექტის განხორციელებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: