„ჯანსაღი კვება არ ნიშნავს უგემურ საჭმლს!“-  ხეოთის საჯარო სკოლაში კულინარიული შეჯიბრი გაიმართა
08-06-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ლელა გვრიტიშვილის ინიციატივით, საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. 

„სამზარეულოს ომების“ თემა იყო - ჯანსაღი კვება არ ნიშნავს უგემური საჭმლის ჭამას!

ღონისძიების მიმდინარეობაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ჩაერთნენ. მოსწავლეთა გუნდები - „ავოკადო“ და „მზარეულები“ ერთმანეთს კულინარიაში შეეჯიბრნენ. 

იდეის - ჯანსაღი ცხოვრების წესი არ ნიშნავს მხოლოდ ფიზიკურ აქტივობას, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანსაღი საკვების მიღებაც- გარშემო მოსწავლეებმა 10 ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი წარადგინეს. ერთმანეთს ორგანიზმისთვის ჯანსაღი საკვების მიღების აუცილებლობა, მისი სარგებელი გააცნეს და 100%-თ ნატურალური და ჯანსაღი კერძები მოამზადეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. აღნიშნულ „ბრძოლაში“ აქტიურად მშობლები და მთლიანად სასკოლო თემი ჩაერთო. 

„კომპეტენტურ ჟიურის არჩევანის გაკეთება გაუჭირდა ორივე გუნდი გამარჯვებულად გამოცხადდა, თუმცა აღსანიშნავია ორი მონაწილის აქტიურობა: ნიკა ალავიძის და რატი წიკლაურის - მათ ნომინაციები „წლის მზარეული“ გადაეცემათ. ასევე, წახალისების მიზნით, ყველა მონაწილე მიიღებს სიმბოლურ საჩუქარს.
მადლობა, ამ აქტივობისთვის ლელა მასწავლებელს, გუნდის ხელმძღვანელ მასწავლებლებს - შორენა ზაზაძეს, ლალი მოთიაშვილს და ყველა მონაწილე მოსწავლეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203