
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაზერის საჯარო სკოლაში მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ისტორიულ მოვლენებსა და თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ.
შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე.
მოსწავლეებმა ღია ცის ქვეშ აღნიშნულ დღეს საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მიუძღვნეს.
ბავშვებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, თუ რაოდენ მდიდარია ქართული ენა თავისი დამწერლობით.
ღონისძიებაზე მოსწავლეები ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოეწყვნენ და ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს.
მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
დღე საინტერესო, ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.