ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა.
ღონისძიებაში, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ქართული ენის პედაგოგ ნანა აღდგომელაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
წარმოდგენაში მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ, მათ მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
ღონისძიებაზე ბავშვებმა ისაუბრეს 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობაზე, თუ რა გზა გაიარა ქვეყანამ თავისუფლების მოპოვებამდე, განსაზღვრეს სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობის მნიშვნელობა.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.