ფცის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
30-05-2023
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას პატრიოტული ღონისძიება შესთავაზეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა გაიხსენეს სამშობლოსათვის თავდადებული გმირები, რომლებმაც თავი გასწირეს ქვეყნისათვის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ სწორედ გმირთა თავგანწირვამ მოიტანა 26 მაისი.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა პატივი მიაგეს გმირთა ხსოვნას, დადეს ფიცი, რომ  გაუფრთხილდებიან, დაიცავენ და გააძლიერებენ მათ მონაპოვარს. 

სანახაობა ემოციებით დატვირთული და ამაღელვებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203