წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით შეაჯამეს 
25-05-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის პირველკლასელები სასწავლო წელს წარმატებით ასრულებენ. 

დღეს, 25 მაისს სკოლაში „ანბანის გაცილების“ ღონისძიება ჩატარდა. პირველკლასელებმა, პედაგოგების თამარ სეფაშვილისა და ინგა გორგაძის ხელმძღვანელობით სასკოლო საზოგადოებასა და მოსწავლეთა მშობლებს წარუდგინეს დახვეწილი კალიგრაფიით შესრულებული ქართველ პოეტთა ლექსების სტროფები. ლექსებიდან ამონარიდები ბავშვებმა ჩააკრეს ალბომში და დაასურათეს.

პირველკლასელებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლისა და ქართული დამწერლობის უნიკალურობის შესახებ. მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები ანბანზე, დედა ენაზე, ქართული ენის შესაძლებლობებზე... ბავშვებმა გამოავლინეს შემოქმედებითი უნარი და დამსწრე საზოგადოებას შესთავაზეს თოჯინური სპექტაკლი - „თხამ ვენახი შეჭამა“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს აქტივობა განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა მოწაფეებისთვის. ფარდის, სცენის მიღმა ერთმანეთს ენაცვლებოდა თხისა თუ მგლის, თოფისა თუ ჟანგის, თაგვისა თუ კატის თოჯინები და პირველკლასელებიც მონდომებით მიჰყვებოდნენ ლექსის სიუჟეტს. 

დასასრულს, მოსწავლეებმა შეასრულეს ყველასათვის საყვარელი სიმღერა - „დედა ენა“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203