„უეკლო გზებით გევლოთ, იღბალი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური“ - მაიდნის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებს გზა დაულოცეს
23-05-2023
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

ბავშვებმა ეს დღე საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს. სკოლაში ემოციების „ზღვა“ იყო.

მოსწავლეებმა ერთმანეთის თეთრი მაისურები საუკეთესო სურვილებით შეამკეს.

მათ სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, რამაც მათში უამრავი ემოცია - ბენდიერება, სიხარული, სევდა აღძრა.

მეთორმეტეკლასელებმა, ასევე პედაგოგთა ამაგიც არ დაივიწყეს და აღნიშნეს, რომ მათ განათლებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მასწავლებლეს.

„ბოლო ზარი“ მათთვის შთამბეჭდავი, ემოციური და დაუვიწყარი იყო.

სასკოლო საზოგადოებამ კი მოსწავლეები, სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილა.

პედაგოგეგმა და დირექციამ მეთორმეტეკლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე ბევრი წარმატება უსურვა.

კლასის მასწავლებელმა თამარ მიქაძემ მათ შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„ჩემო ძვირფასო მარგალიტებო! რამდენიმე საათი და სამუდამოდ გამოემშვიდობებით სკოლის კედლებს, მერხებს... სევდანარევი სიხარულით ვითვლით ერთად ამ წუთებსა და წამებს. გენანებათ ბავშვობის ლამაზ და უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება, ამასთანავე გიხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება. წინ ხომ ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყარო გელით, სადაც უკვე აღარავინ ჩაგთვლით ბავშვებად, უფრო მეტიც, დიდი პასუხისმგებლობები გეკისრებათ, ვიდრე აქამდე და უფრო რთული და საინტერესო ცხოვრებისეული ბარიერები გაქვთ გადასალახი.

რა ლამაზი იყო ეს ყველაფერი და რა დასანანია, რომ მთავრდება! თუმცა მოსაწყენად არ გვცალია - წინ  ეროვნული გამოცდები გველის!

გიყურებთ დაზრდილებს და გული მიჩუყდება... მინდა, ყოველ თქვენგანს მოგეხვიოთ, გისურვოთ წარმატებები თქვენი ცხოვრების გზაზე! ჯანსაღი ცხოვრებით გეცხოვროთ, უეკლო გზებით გევლოთ, თავად იღბალი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური, საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული კი არასოდეს დაგეკარგოთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია!

მე კი ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები, მუდმივად ვადევნებ თვალს თქვენს წარმატებებს და   სიამაყით დავტკბები. მუდამ თქვენი ერთგული თამარ მასწავლებელი!“, - აღნიშნა პედაგოგმა თამარ მიქაძემ.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203