ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ეზოში ნეკერჩხლის, ტუიასა და ირმის რქის ნერგები დაირგო
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, მოტივირებასა და წარმატებულ მომავალზე ზრუნავენ. პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ჩამოუყალიბდეთ, სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხის მიმართ ცნობიერება აუმაღლდეთ, გარემოს დაცვაზე იზრუნონ და ცოდნა გაიღრმავონ. ამ მიზნით კი, სწავლებისას თანამედროვე მიდგომებსა და აქტივობებს იყენებენ.
ამჯერად, მისი ყოვალადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით და „ჯორჯიან-მანგანეზის“ შემოწირულობით, გიმნაზიაში სხვადასხვა ჯიშის ხე მცენარეები დაირგო.
გიმნაზიას 60 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე გადაეცა. აღსაზრდელებმა, გამწვანების აქცია სასწავლებლის ხელმძღვანელის, დეკანოზ პავლესთან (ცერცვაძე) ერთად გამართეს. მათ სკოლის ეზოში ნეკერჩხლის, ტუიასა და ირმის რქის ნერგები დარგეს.
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.