სენაკის N2 სკოლაში ქართული ენის კვირეული გაიმართა
02-05-2023
ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც დედაენის დღე ყოფილა. 

1-ელ კლასში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება-კონკურსი „ნორჩი კალიგრაფი“ ჩატარდა, რომლის მიზანი მოსწავლეებში ქართული კალიგრაფიის და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება იყო. დავალებას მოსწავლეებმა თავი წარმატებით გაართვეს და ნაშრომები წარადგინეს. ისინი სიგელებით დაჯილდოვდნენ. მათი კლასის ხელმძღვანელი ხათუნა ქირიაა.

გარდა ამისა, ქართული ენის კვირეულთან დაკავშირებით VII კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი ნ. შეროზია) რევაზ ინანიშვილის მოთხრობის - „ტყის შვილების" მიხედვით ე.წ. „მკითხველის თეატრი" შექმნეს. აქტივობის მიზანი იყო გამომეტყველებითი კითხვის უნარის განვითარება. მოსწავლეებმა პერსონაჟთა ხასითი, მათი მეტყველების მიხედვით, შეისწავლეს და გამოავლინეს. დააკვირდნენ, თუ როგორ აისახება ემოცია ადამიანის ხმაში. ამის გათვალისწინებით მოირგეს პერსონაჟთა როლები, მოემზადნენ სათანადოდ და წარმოადგინეს მინისპექტაკლი.

ასევე, VI კლასის მოსწავლეებმა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ გამართეს. მათ საინტერესოდ ისაუბრეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, ემოციურად წაიკითხეს ქართველ პოეტთა გულმხურვალე სტრიქონები, შეასრულეს სიმღერები, წარმოადგინეს როლური თამაში, რომლის თემაც ჩვენს ენაში მოჭარბებული ბარბარიზმები იყო.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - გ. ხუბულავამ და ნ. შეროზიამ მოსწავლეებს მშობლიური ენის მნიშვნელობა შეახსენეს და მისი დაცვისკენ მოუწოდეს. პროექტში ჩართული იყვნენ მუსიკისა და ხელოვნების პედაგოგები: ნ. შურღულაია და ს. ხუხია.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203