არაშენდის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს არაერთი ღონისძიება მიეძღვნა
27-04-2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლაში ახალგაზრდების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სკოლაში ფუნქციონირებს ეკოკომიტეტი, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი. 

არაშენდის საჯარო სკოლის ეკოკომიტეტის წევრებმა და მოსწავლეებმა პროექტის - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჩაატარეს სხვადასხვა ღონისძიება. 

მათ შორის გაიმართა კონფერენცია, რომელზეც  მე-11 კლასის მოსწავლე ბარბარე იაგანაშვილმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინა. 

ბარბარე იაგანაშვილი მონაწილეობდა CENN-ის მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამართულ, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - საქართველოს კლიმატის პროგრამის ფარგლებში, ქალებისა და ახალგაზრდებისთვის მოწყობილ კლიმატის ცვლილების თემატურ ბანაკში.

პრეზენტაციას ჰქონდა შემეცნებითი ხასიათი და წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. აგრეთვე, სკოლაში ჩატარდა დასუფთავების და გაამწვანების აქცია, რომელშიც მონაწილეობდნენ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები, აგრეთვე მოეწყო თემატური პოსტერების გამოფენა.

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ მასშტაბური მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანი კი პლანეტის მოფრთხილებისკენ მოწოდებაა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203